მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაონ 12 პუნქტზე - რუმინეთის პრეზიდენტი

პუბლიკა

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანი აცხადებს, რომ ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა ევროკომისიის რეკომენდაციები სერიოზულად უნდა მიიღოს და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაონ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კლაუს იოჰანმა საქართველოს პირველი არხის შეკითხვას უპასუხა.

„რუმინეთსაც გრძელი გზა ჰქონდა, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდებოდა. ვხედავთ, იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას. საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნა 12 რეკომენდაცია, რომელიც ვიცით. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა ეს რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს. იმუშაოს, რომ განხორციელდეს მოთხოვნილი ცვლილებები. რუმინეთში მნიშვნელოვანი იყო, ეს საკითხები დანახულიყო, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხი. როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მან.

იმავე შეკითხვაზე პასუხად სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში უშედეგობა, არ შეიძლება, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთს გადააბრალონ და წარმოიდგინონ, რომ რომელიმე მხარე პროცესიდან გამარჯვებული გამოვა.

„ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობის სურვილი და ნება, რომ ამ გზაზე ვიაროთ. რჩება პოლიტიკური ძალები…ძალიან ნათელია სურათი – არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორეს გადააბრალებს ამ საკითხში უშედეგობას. მცდარია წარმოდგენა, რომ შეიძლება შემდეგ გამოხვიდე რომელიმე მხარე გამარჯვებული იმით, რომ მეორეს გადააბრალებ. დღეს ეროვნული ინტერესი თუ სადმე დგას, ეს {ევროინტეგრაცია} არის საქართველოს ეროვნული ინტერესი. დროა ყველამ შეიგნოს, რომ ეს ეროვნული ინტერესია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და რუმინეთს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუმინეთი პოლონეთთან ერთად ევროპაში საქართველოს მთავარი პარტნიორია და 30 წელია, მხარს უჭერს ჩვენ იქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ტრიბუნიდან უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„არ შემიძლია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო იმით, თუ რა ხდება ახლა, ამ წუთში უკრაინაში – ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს ხორციელდება უკრაინის მოსახლეობაზე. ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელთანაც ახლოს ვართ. კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან და სრულიად თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ჩვენთვის, საქართველოსთვის და რუმინეთისთვის. ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკის, საბჭოთა პოლიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ვიცით, რას ნიშნავს ოკუპაცია, ვიცით რისი გამკეთებელი არის რუსეთი. ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ბირთვული უსაფრთხოების კუთხით ისმის, ის, რაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებში ხდება, სადაც რუსეთი მობილიზაციის განხორციელებას იწყებს, რაც მთელ რუსეთის ტერიტორიაზე ასევე ხორციელდება, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც მშვიდობიანი სამყაროსთვის დაუშვებელია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის და ევროპისთვის ეს არის მიუღებელი ფორმა, ეს არის წარსულის ფორმა, რომელიც ვერაფერს ვერ მოუტანს და რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა მას, ვინც ეს აგრესია დაიწყო. არავინ ამას არ დაუშვებს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.