ევროკავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც განხილულია საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით (AA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ასახავს პერიოდს ბოლო მოხსენების გამოქვეყნებიდან (2021 წლის 5 თებერვალი) საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა, „თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა); ამასთანავე ადამიანის უფლებების მიმართებაში არსებითი უკუსვლა მოხდა“.
„2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლგბტქი პირთა წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე; ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ. გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული პარლამენტის მიერ ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე. ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ განახლებული და სერიოზული ვალდებულება დემოკრატიული კონსოლიდაციისა, სასამართლო რეფორმებისა და ქმედებებისა პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება. ანგარიშის მიხედვით, ასევე საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ძირითადი უფლებების მეტი პატივისცემის უზრუნველსაყოფად, მათ შორის პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოსა და გენდერული თანასწორობის გარანტირების აუცილებლობის ჩათვლით. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.