მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა დაკარგა სამსახური, თუ თვითდასაქმებული იყო – ხაზარაძე

პუბლიკა

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენცია გამართა კრიზისში მყოფი ბიზნესის შესახებ და „ლელოს მოდელი 3.2.1 – საგარანტიო ფონდი ბიზნესისთვის“ წარადგინა.

პარტიის ლიდერის განცხადებით, „ლელოს“ მოდელის მთავარი მიზანია ადამიანის გადარჩენა და მისი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების შექმნა.

მამუკა ხაზარაძემ 3-მილიარდლარიანი საგარანტიო ფონდის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ბიზნესს მისცემს საშუალებას, შეინარჩუნოს თანამშრომლების 80%. მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნით სტიმული მიეცემა ეკონომიკას და თუ ეს სქემა დაინერგება, ქვეყნის ეკონომიკა უახლოეს 4 წელიწადში ორჯერ გაიზრდება.

მისი განცხადებით, ამ სქემის და კიდევ სხვა ღონისძიებების მიხედვით, დაახლოებით 200 000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება საქართველოში.

,,რამდენიმე ასპექტს გამოვყოფ –  1 მილიარდი ლარი უნდა განაწილდეს თითქმის მილიონ- ნახევარ ადამიანზე. ხაზს ვუსვამ, რომ არ არის განსხვავება, ადამიანმა დაკარგა სამუშაო, თუ ის იყო თვითდასაქმებული, რადგან ჩვენ თუ ვსაუბრობთ ადამიანზე, აქ დღეს იმის გარჩევის დრო არ არის, ის დასაქმებული იყო, თავისით მუშაობდა, რეგისტრირებული იყო, თუ ჰქონდა ოფიციალური სამსახური“, – ამბობს ხაზარაძე.

მისი თქმით, თუ ჩვენი ამოცანაა, რომ მათ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, მაშინ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს ეს თანხა. „ჩვენი გათვლებით, 3 თვის განმავლობაში ოჯახი თვეში მიიღებდა 1000 ლარს 3 თვის განმავლობაში – იმიტომ, რომ 3 თვის მერე ეკონომიკა უნდა იყოს ამუშავებული. სჯობს, ახლა დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ვიდრე 6 თვის განმავლობაში რაღაც მინიმალური თანხები ვარიგოთ და ისიც არ შეხვდება ყველა კატეგორიას”. – ამბობს ხაზარაძე.

რაც შეეხება 3-მილიარდიან საგარანტიო ფონდს. ხაზარაძის თქმით, ფონდის იდეა არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში და ეს არის არა მარტო მოკლევადიანი პრობლემის გადაწყვეტა, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკის გამოცოცხლების სტიმული.

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, 3-მილიარდიანი ფონდი იქნება ნულოვანი ინტერესით და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც მთლიანობაში არის ჩამოკიდებული და გაჩერებული, უნდა მივცეთ საბრუნი კაპიტალი, ერთი პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ თანამშრომლების 80%-ს. ანუ, მათ 24 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ საგარანტიო საბუთის მიღების საშუალება, დაიმატონ იმდენი თანხა, რამდენიც მათ სჭირდებათ და აიღონ ერთადერთი ვალდებულება – რომ თანამშრომლების 20%-ზე მეტს არ შეამცირებენ. ეს ჩვენ მოგვცემს 2 მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის საშუალებას. ერთი, რომ ეკონომიკა არ გაჩერდება და ყველა კომპანიამ, რომელმაც ხელახლა უნდა დაიწყოს, დაიწყებს ამას ყოველგვარი ბარიერების გარეშე და ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგანან სამსახურის დაკარგვის და ხელფასის მიუღებლობის გამო, შენარჩუნდებიან ეკონომიკაში. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. ასეთი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნით ჩვენ დიდ სტიმულს ვაძლევთ ეკონომიკას და თუ ეს სქემა დაინერგება, ჩვენი ეკონომიკა უახლოეს 4 წელიწადში გაიზრდება 2-ჯერ. ამ სქემის და კიდევ სხვა ღონისძიებების მიხედვით, ჩვენ ვგეგმავთ, რომ დაახლოებით 200 000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება საქართველოში. ეს არის გათვლილი, შეჯერებული ჩვენს უცხოელ სპეციალისტებთან და ერთადერთი სწორი გზაა იმ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენი ეკონომიკა ჩავარდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.