მნიშვნელობა არ აქვს, დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა, ორივე შემთხვევაში ზიანდება სახელმწიფო - ვაშაძე

პუბლიკა

პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის” წევრი და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რევოლუციური სცენარი საქართველოსთვის დამღუპველი იქნება.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე ისაუბრა.

„აბსოლუტურად პატიოსნად გეუბნებით, მნიშვნელობა არ აქვს, დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა, ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო და კიდევ ერთი მტკიცებულება არის იმის, რომ აღარც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ამ საწყალი ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებს. კოლონები დაიძვრება თუ არ დაიძვრება, იმ კოლონებში მე ნამდვილად არ ვიქნები, ეს შემიძლია გითხრათ და რევოლუციური სცენარი საქართველოსთვის დღეს იქნება დამანგრეველი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღეს დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ის თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც საქართველოში ჩაწერილი არაა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო fake-ია და ის სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.