მნიშვნელოვანი დოკუმენტია, პირველად მოხდა, რომ მისი მიღება ჩავარდა – ჩხიკვაძე რეზოლუციის ტექსტზე

პუბლიკა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 12-13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში იმართებოდა, ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ყველა სხდომის ბოლოს მიიღება, მნიშვნელოვანია და ეს არის პირველი სხდომა, როცა დოკუმენტის შინაარსზე ევროპარლამენტი და ქართული მხარე ვერ შეთანხმდნენ. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება.

„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ყველა ჯერზე, როცა ტარდება ასოცირების კომიტეტის სხდომა და ეს წელიწადში ორჯერ იმართება, მსგავსი დოკუმენტი ყოველთვის მიიღებოდა ხოლმე. დღეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩავარდა, თუმცა, იმის თქმა, რომ ამით ევროინტეგრაცია დასრულდა, არ იქნება სწორი და არ მინდა, დრამატიზება ვითარების, მაგრამ ეს კარგის ნიშანი არაა.  ეს ნიშანია იმის, რომ შეფასებებში (რადგან ეს დოკუმენტი შეფასებითია) ჩვენი მხარეები ვერ თანხმდებიან. სხვანაირად უყურებს ევროკავშირი და სხვანაირად ვხედავთ ჩვენ პროცესებს“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

მისივე თქმით, დოკუმენტის პირველ ვერსიას, როგორც წესი, ევროპარლამენტი წარმოადგენს ხოლმე, შემდეგ უზიარებენ ქართულ მხარეს და ბოლოს თანხმდებიან საერთო ტექსტზე.

„სამი ოთხი დღის წინ საშუალება მქონდა, მენახა ეს დოკუმენტი. ეს იყო გიგი უგულავას დაჭერამდე. საკმაოდ დადებით ტექსტი იყო, მაგრამ უგულავას დაკავების გამო, როგორც ჩანს, ვითარება გამწვავდა და ვეღარ შეთანხმდნენ შეფასებებზე“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

მისივე თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია პროგრესი და გამოწვევები, ასევე წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი. მისივე თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, მარტში ევროკავშირი საქართველოზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

„ასევე, ჩემთვის ცნობილია, რომ მარტში აპირებენ ევროკავშირი-საქართველოზე რეზოლუციის მიღებას. იქ უკვე ევროპის მხარე თავისუფალია და კრიტიკა, რომელიც აქ უნდა ჩადებულიყო, იქ გადავა და შეიძლება, უფრო მწვავეც იყოს“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.