„მნიშვნელოვანი პრეცედენტია“ - გოლეთიანი ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტაზე

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკა“ ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს. კომპანია მიზეზად ხელშეკრულების პირობების დარღვევას ასახელებს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პრეცედენტია ხელშეკრულების შეწყვეტა.

„პასუხისმგებლობის საკითხი არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზე იმ ნაწილში, რომ აქამდე, ამ ჩიხურ მდგომარეობამდე მიიყვანა ეს პროცესი და 329 დღეა, ადამიანები ქუჩაში დგანამ ამ უპასუხისმგებლო ხელშეკრულების გაფორმების გამო. ამიტომ მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომ დაირღვა ეს ხელშეკრულება.

რაც შეხება ზარალს და მის ანაზღაურებას კომპანიისთვის, დარჩენის შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებით, გაცილებით დიდი იყო სახელმწიფოსთვის ზარალი. ამიტომაც  წუხილი იმ ნაწილში, რომ წავიდა და  ჩვენ ხალხი ვიზარალებთ ამით… ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, მთავრობა იზარალებს, რადგან მათი კონკრეტული კორუფციული ინტერესები იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, შედეგი მიღწეულია, ის გეგმა, რაც გქვონდა ჩვენ, მიღწეულია“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი „TV პირველთან“.

სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც კომპანია ENKA-ს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ კომპანია ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.

ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.

ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ფარგლებში გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:

  1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.