ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მივიდა. სოფელ ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად სტუმრობისას შარლ მიშელმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემივე თვალით მენახა არსებული სიტუაცია. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ შორის, ევროკავშირის მონიტორინგის მისია მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ კონფლიქტის ზონაში შეინარჩუნოს სტაბილურობა და შეიტანოს წვლილი ნდობის აღდგენაში.
ვიცით, რომ აქ არსებული სიტუაცია რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ვუთხრა მათ – თქვენ მარტო არ ხართ. ევროპა მუშაობის იმისთვის, რომ დაიცვას თქვენი უსაფრთხოება, ხელი შეუწყოს მშვიდობას და სტაბილურობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან ჩატარებულ და დაგეგმილ შეხვედრებსაც შეეხო. მისი თქმით, ვიზიტის მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავება და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საჭიროებაზე საუბარი იყო.
„მე მქონდა საშუალება, რომ დილით შევხვედროდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ნაშუადღევს შევხვდები სხვა პოლიტიკურ აქტორებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ვისაუბროთ საქართველოსა და ევროპას შორის კავშირის გაღრმავებაზე.
ამავდროულად, ვისაუბროთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია იმ რეფორმების გატარება, რომელიც სჭირდება ქვეყანას. არა ჩვენთვის, ევროპისთვის, არამედ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, კორუფციასთან ბრძოლასა და ამბიციური ეკონომიკური პროგრამის საჭიროებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, რომელიც სერიოზული გამოწვევაა როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და მთელ მსოფლიოში.
ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიაზე, ეკონომიკურ აღდგენაზე, რაც მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის. ჩვენ ასევე ვეცდებით დახმარებას ვაქცინაციაში, რომ გამოვხატოთ თქვენდამი სოლიდარობა“, – თქვა მიშელმა, ხოლო ჟურნალისტების შეკითხვაზე, დააფიქსირებს თუ არა თავის პოზიციას ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, მიშელმა განაცხადა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარს დღის ბოლოს, შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ევროკავშირის პოლიტიკური ორგანოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. დღეს საოკუპაციო ხაზთან გამგზავრებადმე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. დღის მეორე ნახევარში კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.