მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები – თურნავა შეზღუდვების მოხსნაზე

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნვამ 24 დეკემბერიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა და მთავრობა უფრთხილდება ამ მიღწევას. მისივე თქმით, ის პრემიერ-მინისტრის დავალებით უახლოეს დღეებში არასასურსათო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ამ დღეებში პრემიერ-მინისტრის დავალებით მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან და ვისაუბრებთ მათთან ძალიან სერიოზულად, თუ რა გარანტიები და მოსაზრებები არსებობს – როგორც უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება იმ დღეებში, რომ წყალში არ ჩაგვეყაროს ის შედეგი, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ შრომით და შეზღუდვების შედეგად.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რა პასუხიმგებლობას აიღებენ სავაჭრო ქსელები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები, თუ გაიხსნა 24 დეკემბერს და როგორ იქნება ადამიანების ნაკადი მართული.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით 24 დეკემბერიდან 2 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები, რომელიც არასასურსათო სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტზე ვრცელდება, უნდა მოიხსნას. თუმცა ამ დრომდე მთავრობას გადაჭრით არ უთქვამს, რომ 24 დეკემბერს მოიხსნება შეზღუდვები სავაჭრო ქსელებისთვის.