მნიშვნელოვანია ღონისძიებების გატარება წიგნის სექტორის დასახმარებლად – ასოციაციის წერილი

პუბლიკა

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყვეტ კრიზისულ პერიოდში ქართული საგამომცემლო სივრცისთვის, რომელიც ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესისგან შედგება, მკაცრ შეზღუდვებს უმოკლეს დროში დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებების გატარება წიგნის სექტორის დასახმარებლად.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ ჩამოიშალა მთელი რეგიონის მასშტაბით დაწინაურებული წიგნის გამოცემის საქმე, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ათეული წლების განმავლობაში ვითარდებოდა და საქართველოს წარმატებით წარმოაჩენდა საერთაშორისო ასპარეზზე; სფეროს მკვეთრი სტაგნაცია პირდაპირ აისახება როგორც კულტურულ და სალიტერატურო, ისე საგანმანათლებლო სფეროზე – წიგნის გამომცემელთა დიდი ნაწილი ჩაბმულია სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების პროცესში.

გაკოტრების პირას მყოფი ორგანიზაციები საგანმანათლებლო სფეროში ინვესტირებას ვერ მოახერხებენ, რაც აშკარა ზეგავლენას იქონიებს სახელმძღვანელოს ხარისხსა და პროფესიონალი ავტორების მოტივაციაზე, აქტიურად ჩაერთონ ახალი თაობის განათლების უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში.

აღნიშნული მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებების გატარება წიგნის სექტორის დასახმარებლად. ვინაიდან ფინანსური თუ სხვა სახის შეღავათები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც საგამომცემლო სფეროსათვის, ისე ზოგადად ქართული წიგნის სექტორის გადარჩენისათვის, მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში აღმოუჩინოთ წიგნის მაღაზიებს, გამომცემლობებსა და გამავრცელებელ ორგანიზაციებს როგორც რეგულაციური, ასევე ფინანსური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა, პანდემიის პერიოდში სრულად გაათავისუფლოთ სექტორი საშემოსავლო გადასახადისგან და მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში გახსნათ წიგნის მაღაზიები, ვინაიდან სწორედ აღნიშნული სექტორის სტაბილურობა და წინსვლა გარდაუვლად აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წარმატებულ მომავალზე“, – ნათქვამია განცხადებაში.