„კრიტიკულად მნიშვნელოვანია გოგაშვილის, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება”, – არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, დაკავებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიების განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია.
„აღსანიშნავია, რომ სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება წარსულში არაერთი სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა. აღნიშნულ ფაქტებს ჭირდება ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, თუმცა ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გოგაშვილის, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება. სოსო გოგაშვილმა დაკავების შემდეგ დაანონსა, მის მიერ სისტემური დანაშაულების მხილება…
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:
► საქართველოს იუსტიციის სამინისტროს – აიღოს სრული პასუხისმგებლობა პენიტენციურ სისტემაში სოსო გოგაშვილის სიცოცხლისა და ფიზიკურ უსაფრთხოების დაცვაზე.
► სასამართლოს – სოსო გოგაშვილის მიმართ მართლმსაჯულება განახორციელოს ისე, რომ არ დარჩეს კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.
► საქართველოს გენერალურ პროკურატურას – დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- საფარი
- უფლებები საქართველო
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)