„ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, აუცილებელია, დროულად დაიწყოს ბიუჯეტის განხილვის პროცესი.
„ჩვენ გვჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება ისეთი ტიპის შეღავათების გაკეთებას, როგორიცაა მაგალითად: ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან განთავისუფლება 2021 წელს. ასევე, საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილება და ინიციატივა იმისთვის, რომ მოხდეს ტურიზმის სექტორისთვის ოთხი თვით გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა,
მაჭავარიანის თქმით, ამჟამად, ეს ვადა მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს გადის და მთავრობა ამ ვადას ტექნიკურად გააგრძელებს პირველ იანვრამდე.
„მანამდე, უნდა მოხდეს მისი საკანონმდებლო წესით გამაგრება. ზოგადად, გარდა იმ შეღავათებისა, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს იმ სუბსიდიებისა და დახმარების პროგრამები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს საბიუჯეტო განხილვა და 2021 წლის ბიუჯეტი დროულად იქნას მიღებული“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.