მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და გვერდზე გადადონ განსხვავებები – მაკალისტერი

პუბლიკა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის თქმით, საქართველოზე საუბრისას მუდმივად ახსენებენ აქ არსებულ პოლარიზაციას.

არადა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხონ კონსენსუსის პოვნა და საერთო მიზნისთვის გაერთიანება. ამის შესახებ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ქალბატონ ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდზე გადადონ განსხვავებები, კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.

სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობითა თუ სურვილის უქონლობით იმისთვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც აქვს დასახული.

ევროკავშირი ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაეღწიათ შეთანხმებისთვის იმ ძირითადი რეფორმესბზე, დემოკრატიის განვითარებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია.

ის, რომ შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში, ეს უკვე თავისთავად უჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საბჭოსაგან“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.