მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ - თოფურია რუსულ კანონზე

პუბლიკა

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და აქციის დარბევას ეხმაურება.

„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის”. – დაწერა ილია თოფურიამ Instagram-ზე.


გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია.

პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს; სცემეს „აპრილისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს – გიორგი ბასხაჯაურსა და  გიორგი ბადრიძეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, ყველა მათგანი ნაცემია.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ უგულებელყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დროს საფრთხე შეუქმნეს ადამიანთა ჯანმრთელობას.