„ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ტიკარაძისვე თქმით, ბიზნესი თანამშრომლობისთვის მზადაა.
„დღეს გვქონდა კომუნიკაცია, ავხსენით რა არის სახელმწიფოს მიდგომა და ეს არის ერთმნიშვნელოვნად ის, რომ ჩვენ გახსნისკენ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგათ, ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდეს ნაკლები რიცხვები, რათა შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია, არ ვისაუბროთ ახალ ჩაკეტვებზე, რადგან ვიცით, რამდენად მძიმეა ეს ეკონომიკისთვის. ვიცით, რომ ეს აისახება როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე – სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობაზე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე ჩაიკეტოს.
დარჩება შაბათ-კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვის გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს, მივიღოთ გადაწყვეტილება, იქნება ჩაკეტილი შაბათი-კვირა, თუ კვირის რომელიმე დღე. ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 7-დღიდან, ორ დღეს მობილობა იყოს დავარდნილი, სწორედ ამას ემსახურება შაბათ-კვირის ჩაკეტვა. დღეს მოვისმინეთ პოზიტიური მოსაზრებები და დასკვნები ბიზნესიდან. ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც იქნება მუდმივი კომუნიკაცია შენარჩუნებული, რომ დაიგეგმოს ბიზნესის შემდგომი გახსნა და დამატებითი შემსუბუქებები“, – განაცხადა ტიკარაძემ.