მნიშვნელოვანია, რომ „MEGOBARI აქტი" კანონად იქცეს ოქტომბრის არჩევნებამდე - ჯო უილსონი

პუბლიკა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI აქტის” შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ოქტომბრის არჩევნებამდე იქცეს კანონად.

„ჩვენ ვიცით, რომ „MEGOBARI”, ანუ ეს კონკრეტული კანონპროექტი საქართველოში ნიშნავს მეგობარს და MEGOBARI კანონპროექტი ინიციირებულია მეგობრობის სულისკვეთებით, რაც აშშ-ის საქართველოს მიმართ დიდი ხნის განმავლობაში აკავშირებს.

ეს აქტი ითვალისწინებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ამავე დროს, ხაზს უსვამს საქართველო-აშშ-ის პოზიტიურ ურთიერთობებს და ქვეყნის ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მუხლებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოში იქნება სამართლიანი და თავისუფალი.

მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცეს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე, რა დროსაც საქართველოს მომავალი გადაწყდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ის განისაზღვროს ომის კრიმინალი პუტინის მიერ”, – განაცხადა მან.

ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ აღნიშნავს, რომ კანონპროექტმა საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა წარმატებით გაიარა და კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს, 11 ივლისს გაიმართება. ჟურნალისტს წყაროები ეუბნებიან, რომ მას დიდი ალბათობით კომიტეტი მხარს დაუჭერს.


MEGOBARI აქტის“ ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

„MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“.

მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება.