„მნიშვნელოვანია, რომ ყველანი დავრჩეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში“ - ტიკარაძე ომბუდსმენზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან გლდანის ციხის საავადმყოფოს შესახებ ომბუდსმენის დასკვნა შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა დარჩეს.

როგორც გუშინ ომბუდსმენმა განაცხადა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, არსებობს გარკვეული რისკებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„საერთოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ყველანი დავრჩეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. უსაფრთხოებაზე მე ვერ ვისაუბრებ აქ, სხვამ უნდა გააკეთოს კომენტარი, რაც შეეხება იმ კვლევებს, რომლებიც არის გაცემული ექიმების მხრიდან – ეს არის დოპლერი, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია.  ამ კლინიკას აქვს დოპლერის აპარატი და რამდენადაც ვიცით, თვითონ ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან ეს არის მობილური აპარატი, გადაადგილება შესაძლებელია და პენიტენციური სამსახური ამას უზრუნველყოფს. რადგან ასეთი ინტერესია, მე დავავალე რეგულირების სააგენტოს, მოახდინოს განმეორებითი შესწავლა ამ კლინიკის და დადოს შესაბამის დასკვნა კლინიკის მზაობის შესახებ და ეს გასაჯაროვდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ვერ ისაუბრებს, რადგან ეს კონფიდენციალური  ინფორმაციაა და ამაზე მისმა პირადმა ექიმმა უნდა ისაუბროს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა იმ ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შესაძლებლობა, რაც მიხეილ სააკაშვილის ექიმების მხრიდან არის გაწერილი.

მინისტრს ჰკითხეს ციხის საავადმყოფოსთვის მინიჭებული კატეგორიებისა და იმის შესახებ, რატომ არ აქვს კლინიკას C კატეგორია.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დაწესებულება არის A-C ტიპის დაწესებულება. C  ტიპის კატეგორია ენიჭება დაწესებულებას, როდესაც მას აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა. ციხის საავადმყოფო არ არის ასეთი და არ საჭიროებს გადაუდებელ მიღებას. ამიტომ მას არ მიენიჭებოდა ეს ტიპი. თუმცა  A-C ტიპის დაწესებულება თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამ ტიპის დაწესებულებაში არის ყველა ის ინსტრუმენტული, ლაბორატორიული კვლევის საჭიროება, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.