განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების მიმართულებით საჯარო სკოლებში მიმდინარე ღონისძიებები დაიწყოს კერძო სკოლებშიც.
„ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. ამ მხრივ, სამინისტრომ დაიწყო და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ – სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება; იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება; ფსიქოსოციალური მიმართულების გაძლიერება; ახლა ძალიან მნიშვენლოვანია, აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა“, – განაცხადა მინისტრმა, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას.
დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან საქმეზე საუბრისას თქვა, რომ კერძო სკოლებიც უნდა დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები.
„ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ფუნდამენტი იმ სამოქმედო გეგმისა, რომელიც იქნება წარმოდგენილი, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულება რომ არის კერძო, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არიან განცალკევებული და განყენებული სამყარო და მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი, მაგრამ რეგულაციები“, – განაცხადა მინისტრმა.
მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთი კვირის ვადაში წარმოვადგენთ გეგმას – ჩხენკელი
19 დეკემბერი, 2019
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.