მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობის გამო სცადა, ამ დრომდე მძიმეა.
საქმეს, რომელმაც უნდა დაადგინოს, იძალადეს თუ არა დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში 15 წლის მოზარდზე პოლიციელებმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.
მოზარდი განყოფილებაში ორჯერ იყო, პირველად 10 დეკემბერს. მშობლის თქმით, 10 დეკემებრს გამოკითხვა 5-6 საათი გაგრძელდა, მეორედ 11 დეკემბერს. 11 დეკემბერს განყოფილების დატოვების შემდეგ ის სახლიდან გავიდა და თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადმოხტა.
რას ამობენ ოჯახის წევრები, უფლებამდაცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი და როგორია შს სამინისტროს პოზიცია. გაიყვანეს თუ არა არასრულწლოვანი დაკითხვის დროს ცალკე, უთხრეს თუ არა უარი სამედიცინო დახმარებაზე და რა უნდა გააკეთოს გამოძიებამ სიმართლის დასადგენად.
10 დეკემბერი – გაიყვანეს თუ არა მოზარდი ცალკე
10 დეკემებრს „მწვანე სკოლის“ კედელების მოხატვის გამო 15 წლის მოზარდი დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში საღამოს დაახლოებით 5 საათზე დაიბარეს. დედის თქმით, გამოკითხვა 5-6 საათი გაგრძელდა.
„12 საათი იყო სახლში რომ დავბრუნდითო“ – ასე უთხრა მოზარდის დედამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ რეზო აჭარაძეს, რომელსაც ოჯახის ნათესავები 11 დეკემებერს დაუკავშირდნენ და მოზარდზე პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობაზე უამბეს.
რეზო აჭარაძის თქმით, 11 დეკემბერს დედას იაშვილის განყოფილებაში გაესაუბრა. დედა იხსენებს, რომ პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ინტენსიური იყო.
როგორც დედა იხსენებს, საია-ს წარმომადგენელთან საუბარში, როგორც კი შევიდნენ თავიდანვე არ დაუწყიათ მუქარის ენით საუბარი. მისი თქმით, ნელ-ნელა უფრო და უფრო გამძაფრდა მუქარა და შანტაჟი. დედის ინფორმაციით, მოზარდს ძმის უსაფრთხოებით დაემუქრნენ. ძმა თავდაცვის სამინისტროს აკადემიის კურსანტია. დაკითხვაში რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა და, სავარაუდოდ, მასში პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი პირიც იყო ჩართული.
სავარაუდოდ, ეს ის პირია, რომელმაც რამდენიმე წუთით ოთახში შეიყვანა მოზარდი დედისგან განცალკევებით. მისი ოთახიდან კი ის ატირებული დაბრუნდა.
„მიმდინარეობდა დაკითხვა. ეუბნებოდნენ ჩემს ძმას, რომ კამერებში ამოგიცანით და აღიარეო. 4 საათის განმავლობაში უარყოფდა. ამ უარყოფის შემდეგ რამდენიმე წუთით პოლიციის ერთ–ერთ თანამშრომელს გაყვანილი ჰყავდა, დიდი ხნით არა, როგორც დედაჩემისგან ვიცი. ეგრევე დაბრუნდა, თუმცა, როცა დაბრუნდა, უკვე იყო ატირებული და ყველაფერი აღიარა.
დედაჩემთან დაკითხვის დროსაც იყო მუქარები, რომ შენს ძმას სასწავლებელში პრობლემებს შევუქმნით. ხომ იცი შენნაირებისთვის ათასისთვის მოგვიგრეხია კისერი. გინების ფაქტიც იყო“, – ამბობს მოზარდის ძმა.
მოზარდის ცალკე გაყვანის ფაქტი დაადასტურა შს სამინსიტრომაც. მინისტრის მოადგილის ცნობით, მოზარდი გამოკითხვის დაწყებამდე 3-4 წუთი გაიყვანა სამმართველოს უფროსის მოადგილემ და ეს მოხდა გამოკითხვის დაწყებამდე.
„რაც შეეხება გაყვანას, გიდასტურებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს, აღნიშნული ფაქტი გამოკითხვის დაწყებამდე მოხდა. რეალურად ეს იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ არასრულწლოვანს უთანხმოება მოუვიდა დედამისთან და დაძაბულობის განტვირთვის მიზნით მოხდა მასთან 3-4 წუთი კომუნიკაცია. სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა. ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველადი კომუნიკაცია მოხდა მშობლის საშუალებით“, – განაცხადა ცაციაშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელის თქმით, არასრულწლოვნის გაყვანის მომენტი გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ამისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განყოფილებაში არასრულწლოვნის ყოფნის ამსახველი ჩანაწერის სრული ვერსია მიეწოდოს.
მისი თქმით, დედა ამბობს, რომ დიდი ხნის მისული იყვნენ, როცა მოზარდი ცალკე გაიყვანეს, მაგრამ ზუსტად როდის მოხდა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„10-11 დეკემბერის ჩანაწერები გამოთხოვილი აქვთ და მიაწოდებენ გამომძიებლებს. როგორც ვესაუბრე, ამ კვირის განმავლობაში უნდა მივიდეთ ჩვენც და მშობელიც, რომ ვიდეომასალები, რომლებსაც პოლიცია მიაწვდის, დავათვალიეროთ. დედა ხომ ესწრებოდა და მასთან ერთად დავათვალიერებთ, მივუთითებთ ვინ რას აკეთებდა და გავარჩევთ ამ ჩანაწერს, რადგან ამ ჩავაწერებს ხმა არ აქვს“, – ამბობს რეზო აჭარაძე.
მისივე თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, არასრუწლოვანი კანონიერი წარმომადგენელის გარეშე არცერთი წუთი არ უნდა გამოიკითხოს.
„არცერთი მომენტი არ შეიძლება, მთავარი იდეაა, რომ ყველა მომენტში ის დაცული იყოს. არასრულწლოვანი კი არა სრულწლოვანიც რომ დატოვო ძალადობრივ გარემოში რამდენიმე წუთი, შეიძლება ისიც დაიყოლიო და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო“, – ამბობს რეზო აჭარაძე.
რეზო აჭარაძის ინფორმაციით, 10 დეკემბერს მოზარდს დანაშაული იძულებით აღიარებინეს, თუმცა ჩვენების მომზადება ვერ მოასწრეს და 11 დეკემბერს ისევ დაიბარეს. სწორედ ამიტომ მივიდა მოზარდი დედასთან ერთად 11 დეკემებრს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში ისევ. თუმცა როგორც რეზო აჭარაძე ამბობს, 11 დეკემებრს აღარ მოეწონათ ის, როგორც აღიარა მოზარდმა და უთხრეს, მაშინ ჩვენ ისე გამოვიძიებთ, როგორც საჭიროა და ნახავ, რა მოგივაო.
მისივე თქმით, მისთვის უცნობია გამოკითხის ოქმი არსებობს თუ არა ელექტრონულ სისტემაში და რა დროებია იქ მითითებული. მისი თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. შს სამინისტროს ცნობით კი, მოსწავლისგან უწყებას აღიარება არცერთ დღეს არ მიუღია.
მოზარდის ძმის ინფორმაციით, დაკითხვისას მოზარდი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მოზარდი დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ითხოვდა.
ვინ არის მოზარდის გამოკითხვაზე მონაწილე გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის „მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.
ცნობილია, რომ მოზარდის გამოკითხვის პროცესში მონაწილეობდა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. ჩოლოიანმა 2019 წლის 16 დეკემბერს ტელეკომპანია ,,იმედის“ დილის ეთერში არასრულწლოვნის საქმეზე განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ არასრულწლოვანზე არანაირი სახის ძალადობა არ განხორციელებულა.
საია-ს ცნობით, მარიანა ჩოლოიანი 2011 წელს მონაწილეობდა, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის გამოკითხვაში. მან გამოკითხა ნიკოლოზ გოგუაძე, რომელიც ჩვენების მიხედვით, პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
მისი ჩვენების მიხედვით, დაკითხვის პარალელურად გრძელდებოდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, კერძოდ, 2 სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს გოგუაძე პერიოდულად გაჰყავდა სხვა ოთახში, სადაც მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა ხორციელდებოდა, შემდეგ კი ჩოლოიანთან ოთახში აბრუნებდნენ.
ჩოლოიანმა გოგუაძის ბრალდების საქმეში სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას ამ უკანასკნელის ცემის ფაქტი არ დაადასტურა.
ნიკოლოზ გოგუაძემ ეს ფაქტი გაასაჩივრა. ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე თქვა, რომ 2011 წლის 26-27 მაისს მომჩივანმა მიიღო არაერთი ფიზიკური დაზიანება და ეს დაზიანებები იყო არასათანადო მოპყრობის შედეგი, რომელიც მან მისი დაკავების დღეს მიიღო.
ე.წ. ყინწვისის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უფლების დარღვევის ფაქტები დაადგინა. ეროვნულ დონეზე გამოძიება კვლავაც უშედეგოდ მიმდინარეობს და გოგუაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ ამ დრომდე არ მომხდარა ბრალის წაყენება არცერთი პირისთვის.