„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ სწრაფად უნდა იმოქმედონ და მიიღონ რეგულაციები როგორც პიროტექნიკასთან დაკავშირებით, ისე შეკრების დროს სახის დაფარვაზე.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა პიროტექნიკასთან დაკავშირებით უკვე არის და ამ პაკეტში იქნება გათვალისწინებული შენიღბვის საკითხიც. პაპუაშვილის მტკიცებით, სახის დაფარვაზე ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას და ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს მიჰყვებიან.
„უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, როდესაც ადამიანი არის შენიღბული და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება არის გართულებული, ის, რა თქმა უნდა, უფრო თამამია კანონდარღვევაში და თამამია აგრესიაში. ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში, ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს, ევროკავშირში ამ მხრივ არის რეგულაციები ზოგ ქვეყანაში, როცა მთლიანად ზოგადად საჯარო სივრცეში აკრძალულია სახის დაფარვა, ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციას იმ ქვეყნებისა, სადაც ასეთი რეგულაციები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს. […] ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას და ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს მივყვებით. რაც შეეხება ტექნიკურად ამის მოწესრიგების საკითხს, მიმდინარე კვირაში განვიხილავთ მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებს, როგორც მისი შემოტანა, რეალიზაციის საკითხებს, რაზეც დიდი ხანია მიდიოდა საუბარი, მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს სფერო იყოს მოწესრიგებული. […] ეს რეგულაციები დიდი ხანია განსჯის საგანი იყო პარლამენტში და ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში. საკანონმდებლო ინიციატივა არის რაც შეეხება პიროტექნიკას და იმ საკანონმდებლო პაკეტში გათვალისწინებული იქნება საკომიტეტო განხილვების დროს დაემატება ეს საკითხიც“, – თქვა პაპუაშვილმა.