მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბავშვის მდგომარეობა - აზარაშვილი ვაკის პარკში დაშავებულზე

პუბლიკა

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალი“ რამდენიმე წუთის წინ დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. მან ჟურნალისტებს ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ძალიან დამძიმებული ვარ ემოციურად, შიგნით ვიყავი და თვითონ ბავშვიც ვნახე. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბავშვის მდგომარეობა და ვფიქრობ, მომდევნო  ერთი საათის განმავლობაში ექიმიც გააკეთებს კომენტარს და იქედან გაიგებთ ყველა სხვა დეტალს“,

ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხა, ხომ არ არის მიზანშეწონილი, რომ კახა კალაძემ დატოვოს თანამდებობა, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, რაზეც მინისტრმა მოკლედ უპასუხა და საავადმყოფოს ტერიტორია დატოვა: „მოდით რა, საერთოდ სხვა თემებზე ვართ…“


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.