მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა - Новая газета. Европа

პუბლიკა

რუსული გამოცემა Новая газета. Европа-ს ინფორმაციით, „ნაწილობრივი“ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმირებულმა წყარომ უთხრა.

წყაროს ინფორმაციით, ქვეყნიდან გასული კაცების ეს რაოდენობა 25 სექტემბრის მდგომარეობით ФСБ-ს მონაცემებს ეყრდნობა. თუმცა წყარო გამოცემასთან იმასაც ამბობს, რომ ФСБ აქამდე „სწრაფად არ მუშაობდა“, შესაბამისად ეს რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს კიდეც.

წყაროს თქმით, ადრე, გაზაფხულით ისინი ცდილობდნენ, რომ უფრო მეტად ფიჭური ოპერატორებისგან მიღებული მონაცემები გაეთვალისწინებინათ, რაც უფრო გვიან გროვდება.

Новая газета. Европа-თან წყარო რუსეთის საზღვრების შესაძლო დაკეტვაზეც საუბრობს. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი დაწყებულია და მას შემდეგ განიხილება, რაც ქვეყნიდან მოქალაქეებმა გაქცევა დაიწყეს. მაგრამ ჯერჯერობით რუსეთის პრეზიდენტს საზღვრების დაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია.

ასევე გამოცემის წყაროს თქმით, „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ისეთი ატმოსფეროა, რომ სანამ გვიან არ არის, უსაფრთხოების სამსახურები და თავდაცვის ძალები შეძლებენ, დაარწმუნონ პუტინი საზღვრების დაკეტვის აუცილებლობაში“.

თუმცა წყაროს ინფორმაციით, ბოლო დროს პრეზიდენტს ხელისუფლების და თავდაცვის მაღალჩინოსნები ისეთი ინტენსივობით აღარ ხვდებიან. გამოცემის სხვა წყარო ამბობს, რომ მას ჯერჯერობით არ უნახავს საზღვრების ჩაკეტვაზე პრეზიდენტის განკარგულების სამუშაო ვერსიაც.

ჟურნალისტის ფარიდა რუსტამოვას თქმით კი, მას სამმა წყარომ დაუდასტურა, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ვლადიმერ პუტინი ერთი კვირით დასასვენებლად გაემგზავრა.