„ფროსფერითი ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს, როემლშიც ნათქვამია, რომ დღეს ფონდს ჩაბარდა განჩინება, სადაც ბუნდოვნადაა აღწერილი მისი ანგარიშების დაყადაღების მოტივი, აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე.
„იურისტებთან ერთად განვიხილეთ განჩინება და მათთან კონსულტაციის საფუძველზე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს სამართლებრივ ნონსენსს. მოცემული გადაწყვეტილებით ადამიანების თანადგომა ცხადდება დანაშაულად; არადა ფონდის მიზანი სწორედ დაზარალებული ხალხის დახმარებაა.
ფონდი მუშაობს წესდებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად და ჩვენი საქმიანობა შემოიფარგლება საჯაროდ გაცხადებული ჰუმანიტარული ქმედებებით. საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხიმსგებლობიდან გამომდინარე, ფონდი საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ. მისი საქმიანობა არის საჯარო და კანონთან შესაბამისი. რეგულარულად ქვეყნდება მისი ყველა აქტივობა და ფინანსური ანგარიში. ამ აბსურდული პროცესის განვითარების შესახებ ინფორმაციას შესაბამისად გაცნობებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 17 მარტს, ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს „ნანუკას ფონდის”, „ადამიანის უფლებათა სახლისა“ და Prosperity Georgia-ს ანგარიშები.
„ნანუკას ფონდი“ ეხმარებოდა აქციების ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების ოჯახებს, ასევე, აფინანსებდა სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობას, მათ შორის, დააფინანსა გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულთა დახმარება.
საპროტესტო აქციებში მონაწილეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ „ადამიანის უფლებათა სახლი“ და Prosperity Georgia.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ და თქვა, რომ ფონდები დააყადაღეს „საბოტაჟზე” იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
დაყადაღებულია ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ – მათი საბანკო ანგარიშები და ამ ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები.