მოჭიდავეების მობილიზება აჭარაში, ენზელ მკოიანის საქმე - საია წინასაარჩევნო გარემოზე

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ძალადობრივი ქმედებებს, დაძაბულ არჩევნებისწინა გარემოს შექმნასა და წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელშეშლას. ანგარიში რამდენიმე შემთხვევას ეხება:

მოჭიდავეების მობილიზება აჭარაში

2020 წლის 7 მაისს მოჭიდავეები – რევაზ წულუკიძე და ელდარ ანთაძე აპრილში მომხდარ ჩხუბზე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ოჯახები და ახლობლები მათ დაკავებას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებდნენ და ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ ისინი წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარის გამო დასაჯა.

ერთ-ერთი დაკავებულის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ საიას მონიტორთან საუბრისას განაცხადა, რომ მას არსებული ხელისუფლების პირობებში ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის დადგომის იმედი არ აქვს. ის და მისი ძმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და მაღალმთიან აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვების იმედი აქვთ. მისი თქმით, პოლიცია და კრიმინალები ქალაქში ერთად მოქმედებენ, მის ახლობლებზე მიდის ზეწოლა და როცა დახმარებას პოლიციას სთხოვენ, ხშირად აქვთ უსიამოვნება და რამდენჯერმე უცემიათ კიდეც. იგი ასევე ამტკიცებს, რომ თორნიკე რიჟვაძის მამას ჰყავს თავის ზონდერ ბრიგადა მოჭიდავეების სახით.

2020 წლის 21 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო ხელისუფლების მხრიდან ყოფილი სპორტსმენების არაფორმალურ ორგანიზებულ ჯგუფებად მობილიზების შესახებ. მედიასაშუალების ცნობით, 2020 წლის მარტში გაიმართა აჭარის მაღალჩინოსნების მიერ ორგანიზებული შეხვედრები პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამამ და პოლიციის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა მოჭიდავეებს, არჩევნებზე დახმარების სანაცვლოდ, ფული და სხვადასხვა ტიპის სარგებელი (მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემა, მშენებლობის ნებართვები) შესთავაზეს.

ფირუზ წულუკიძის თქმით, მოჭიდავეების მხრიდან საიდუმლო შეხვედრას მასთან ერთად ესწრებოდნენ მისი ძმა რევაზ წულუკიძე, ელდარ ანთაძე და კიდევ ერთი პირი.

ფირუზ წულუკიძემ საიას გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას ეს ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, მაღალჩინოსნებისგან მიიღეს გარიგების შეთავაზება არჩევნებზე დახმარების სანაცვლოდ მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე, რაზეც ისინი დათანხმდნენ. როგორც ირკვევა, ამავე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ წინასწარი დახმარების სახით მოჭიდავეებს 2000-2000 ლარი ჩაერიცხებოდათ, რისთვისაც მათ მეუღლეებს უნდა შეეტანათ განცხადებები შესაბამის უწყებაში.

საიას მონიტორინგის მისიამ მოიპოვა ქვითრები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 19 და  მარტს ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მეუღლეებს ერთჯერადი სოციალური დახმარება, თითოეულს 2 ათასი ლარი ჩაერიცხა.

საია მოუწოდებს ხელისუფლებას შეისწავლოს მოყვანილი ფაქტები, მათი დადასტურების შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, ხოლო წულუკიძე-ანთაძის საქმე უნდა გადაწყდეს მიუკერძოებლად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა გორში

2020 წლის 26 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დ.შ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ენმ-ის გორის ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი,
კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.

ენმ-ში ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს დარბევის უკვე მეოთხე შემთხვევაა, თუმცა არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

მომხდართან დაკავშირებით, საიას მონიტორინგის ჯგუფი თვითმხილველებს გაესაუბრა. პირები, რომლებმაც თავდამსხმელის ჩაცმულობის დანახვა შეძლეს, ამბობდნენ, რომ მას „ქართული ოცნების” სიმბოლიკიანი მაისური ეცვა.

საია მიიჩნევს, რომ პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს ამ შემთხვევის ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება.

„ლელო“ სოფელ დიცში არ შეუშვეს

2020 წლის 9 ივლისს პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ გორის ოფისის წევრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში მოსახლეობას უნდა შეხვედროდნენ. ისინი სოფლის შესასვლელთან, საქართველოს შსს-ს საპოლიციო საგუშაგოზე შეაჩერეს და სოფელში აღარ შეუშვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ოფიციალური პოზიციით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილება საფრთხის შემცველია. მიუხედავად ამისა, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება” და მისი აქტივისტები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

პოლიტიკური პარტიების უთანასწორო პირობებში ჩაყენება კი საფრთხეს უქმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მას შემდეგ, რაც ,,ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ აპირებს, ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს პროკურატურას, პარტიის წარმომადგენლებს დაბრკოლებები მოეხსნათ. ისინი მოსახლეობას 2020 წლის 30 ივლისს შეხვდნენ.

პარტიის წევრები უფლებამოსილნი იყვნენ, შეუფერხებლად შეხვედროდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ამომრჩევლებს. ამდენად, ეს ფაქტი პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლაა, რაც დანაშაულია.

ენზელ მკოიანის საქმე

2020 წლის 20 ივლისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ მისდევს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში პირს, სავარაუდოდ, „პარტრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს.

ვიდეო ასახავს 2020 წლის 26 მარტს მომხდარ ინციდენტს, სადაც ენძელ მკოიანს, სამველ პეტროსიანსა და მათ ნათესავებს შორის დაპირისპირება მოხდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაიწყო.

29 მარტს, სამართალდამცავებმა სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმისშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მედიაში გავრცელებული ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ ამ დაპირისპირების დროს ენზელ მკოიანი იყენებდა იარაღს, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. გარდა ამისა, როგორც ვიდეომასალაშია აღბეჭდილი, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ ის ქმედით ზომებს არ იღებდა დეპუტატის უკანონო და ძალადობრივი ქცევის აღსაკვეთად. შემთხვევას გამოეხმაურა ,,კოალიცია თანასწორობისთვის“ და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, უზრუნველყოს მომხდარზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება.

განცხადებაში ასევე საუბარია მკოიანის წარსულ ძალადობრივ ქმედებებზე, რომელსაც სამართალდამცავი უწყებების სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება აჩვენებს ენზელ მკოიანის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და მისი სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს მმართველი პარტიის წარმომადგენელი მომავალში, ხოლო ოპოზიცია პირიქით – დათრგუნოს, რაც, მთლიანობაში, დაამახინჯებს საარჩევნო გარემოს.

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

2020 წლის 30 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხდომაზე, საკრებულოს განკარგულებით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ვაჟა თავდგირიძეს საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის გამო უფლებამოსილება შეუწყდა.

2020 წლის 27 ივლისს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ, რომელმაც წარდგენილი ჯანმრთელობის ცნობის მიუხედავად, ვაჟა
თავდგირიძის ქმედება არასაპატიოდ მიიჩნია.

კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, თუ არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში.

ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, განსაზღვრულია საკრებულოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის კანონის იდენტური საფუძველი და პროცედურა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ უნდა შეისწავლოს საქმე და მოამზადოს დასკვნა, სადაც შეაფასებს, გაცდენა რამდენად იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით.

დეპუტატის მიერ წარდგენილ ცნობაში მითითებულია დაავადების დიაგნოზი, ჩატარებული მკურნალობის პროცედურები და პაციენტის მდგომარეობა, რაც, საიას შეფასებით, საკრებულოს მუშაობაში ჩაურთველობის საპატიო მიზეზს წარმოადგენს. ცნობაში არის უმნიშვნელო ხარვეზი თარიღში (2020-ის ნაცვლად, წერია 2030 წელი). სხვა მხრივ, ამ დოკუმენტის ავთენტურობა ეჭვებს არ იწვევს. დეპუტატის მძიმე დიაგნოზის ფონზე, გაუგებარია, რატომ მიიჩნია საკრებულომ ეს მდგომარეობა „არასაპატიოდ“.

საიას მოსაზრებით, საკრებულოს ამგვარი გადაწყვეტილება სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რაც ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს და ზრდის პოლარიზაციას.

პარტიის „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერსა და სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმა

2020 წლის 13 აგვისტოს ანა დოლიძესა და მის მხარდამჭერებს, საარჩევნო კამპანიის დროს, წერეთლის N105-ში უცნობი პირები თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც კანდიდატის წერილობით მომართვაშია განმარტებული, უცნობი პირები პარტიის წარმომადგენლებს ამომრჩევლებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ და, ამასთან, მათ მიერ ტერიტორიის დატოვებასაც მოითხოვდნენ.

პარტიამ საიას გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას დამატებითი ინფორმაცია მოაწოდა. მათ მიერ გამოგზავნილ ვიდეოში ისმის აგრესიული გამოძახილები და გინება. გამოძიება მუქარის ბრალდებით დაიწყო.

მნიშვნელოვანია, საგამოძიებო უწყებამ პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართოს, ხოლო სახელმწიფომ კანდიდატების კამპანიის წარმოებისთვის თავისუფალი გარემო უზრუნველყოს.