საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გია იანტბელიძე გუშინ, 14 დეკემბერს, თბილისის მერიის ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იყო მისული.
იანტბელიძე იდგა თავისუფლების მოედანზე, სადაც იდგა სამარშტურო ტაქსები და „ქართულ ოცნებას”, მათ შორის, სხვადასხვა რაიონის გამგეობის თანამშრომლები ჰყავდა მიყვანილი. იქვე იყვნენ „ქართული ოცნების” წევრები: თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძალოსანია ლაშა ტალახაძე.
როგორც თქვა, ადგილზე ბავშვები ყავდა მიყვანილი. თუმცა, ტელემედიამ ის ბავშვების გარეშე გადაიღო.
„ბავშვები მყავდა მოყვანილი ნაძვის ხის ანთებაზე. სამწუხაროდ, არ აინთო. იმედია, უახლოეს დღეებში მოხდება და ბავშვები გაიხარებენ ნაძვის ხის ანთებით. მაგიტომ ვარ მე აქ მოსული. გავაცილე ჩემი მეუღლე და ჩემი ბავშვები სახლში. მეც ჩემს მანქანასთან ჩავალ და წავალ”. – თქვა გია იანტბელიძემ.
გია იანტბელიძე 2017 წლიდან არის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. მანამდე ის ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი იყო.
2016 წლის 22 მაისს იანტბელიძე ზუგდიდის სოფელ კორცხელში, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც მოჭიდავეთა ჯგუფი თავს დაესხა იმ დროისთვის ენმ-ის წევრებს, გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას. ამავე პარტიის მაშინდელმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ გია იანტბელიძე უშუალოდ მონაწილეობდა პოლიტიკოსებზე თავდასხმაში.
იანტბელიძემ მაშინ თავად თქვა, რომ „ქართული ოცნების მხარდამჭერია და ზუგდიდში სწორედ ამ პარტიის მხარდასაჭერად ჩავიდა, თუმცა, დაპირისპირებაში მონაწილება უარყო.
2024 წლის 4 დეკემბერს გია იანტბელიძემ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელშიც „ტვ პირველს” და „მთავარ არხს” სიცრუეში ადანაშაულებს. იანტბელიძე ამბობს, რომ ამ არხებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ის მონაწილეობს საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების ცემაში.
„ის კომენტარი, რომელიც მათ ასე გადააკეთეს, ჩემი მეგობრის ჩართვას დავურთე. ერთ-ერთ მომენტში ის საუბრობდა, რომ ჩვენ ვართ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, 60-70%, და ჩემი კომენტარიც სწორედ ეს იყო: „მზად ვართ, ერთი მიგვიშვან”, რაც იმ საუბრიდან გამომდინარეობს, რომ დავანახოთ, რამდენი ვართ და არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც ამ მატყუარა ტელევიზიებმა შეთხზეს. მე შევეცდები, ავიყვანო დამცველი და სამართლებრივად მივუდგე ამ საქმეს”. – ამბობს გია იანტბელიძე 4 დეკემბრის მიმართვაში.
ის, რომ 14 დეკემბერს პარლამენტის წინ თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთებოდა, მერმა კახა კალაძემ წინა დღეს დააანონსა.
თუმცა, 14 დეკემბერს კალაძემ პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთება გადაიფიქრა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია აღარ გადაეღობება ბავშვებს და მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას”. – თქვა მან სპეციალურ ბრიფინგზე.
მან ასევე „მოუწოდა თანამოქალაქეებს, რომლებიც თბილისის საკრებულოსთან ბავშვებთან ერთად შეიკრიბნენ, დაიშალონ”.
რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც 28 ნოემბრიდან ათასობით მოქალაქე აპროტესტებს „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია, საახალწლო ნაძვის ხის ანთებას კახა კალაძე 19:00 საათზე გეგმავდა.
პარლამენტის შენობა რამდენჯერმე განათდა – ჩაირთო სატესტო განათებები. პარალელურად, პარლამენტთან შეიკრიბა ათობით პოლიციელი.
14 დეკემბერს რუსთაველზე, პარლამენტთან, სადაც „ქართულმა ოცნებამ” მიხეილ ყაველაშვილი „არჩევნებში’ პრეზიდენტად დანიშნა, მოქალაქეები დილიდან შეიკრიბნენ. დილიდანვე თავისუფლების მოედანზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანები.
“მონებო! რუსებო!”, – სკანდირებენ მოქალაქეები საღამოს.
რუსთაველის გამზირზე მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. „პროვოკაცია არ იქნება”. – თქვა მან.
პოლიციასთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მივიდა 100-დან 200-მდე ადამიანი, რომლებიც ვაკიდან დაიძრნენ, დეკანოზ შალვა კეკელიას მოწოდების შემდეგ.
თუმცა, „ქართული ოცნების” პარტაქტივთან მამუკა მდინარაძე ჩავიდა და დაშლისკენ მოუწოდა.