მოდელები ვერ სარგებლობენ ბაზისური შრომითი უფლებებითაც კი - უფლებადამცველი ორგანიზაციები

პუბლიკა

ქალთა მოძრაობა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან ქართველი მოდელების გაუსაძლისი შრომითი პირობების შესახებ და სოლიდარობას უცხადებენ ამ სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ქვეყანაში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება შრომითი უფლებების სისტემური დარღვევა და უგულებელყოფა, გამონაკლისი არც მოდის ინდუსტრიაა.

„მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სფეროში საქმიანობა სტანდარტული შრომითი საქმიანობაა, რაც გულისხმობს დასაქმებულთა აღნიშნულ კატეგორიაზე შრომის კანონმდებლობის სრულად გავრცელებას, ფაქტია, რომ საქართველოში მოდელები ვერ სარგებლობენ ბაზისური შრომითი უფლებებითაც კი: მათ ძირითად ნაწილს არ აქვს შრომითი ხელშეკრულებები და მუშაობენ არანორმირებული სამუშაო გრაფიკით არაადეკვატური ანაზღაურების სანაცვლოდ, რიგ შემთხვევებში კი – ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში მათ თავიანთი საქმიანობის შესრულება უწევთ ჯერ კიდევ მშენებარე ქარხნის ტერიტორიაზე ღირსებისშემლახველ და არასათანადო გარემოში, არ არიან უზრუნველყოფილი საკვებით, ჰიგიენის დაცვისთვის აუცილებელი პირობებით, ასევე არა აქვთ შესაბამისი სატრანსპორტო უზრუნველყოფა კომენდანტის დროს, რაც დამატებით ქმნის რისკებს უსაფრთხო შრომის გარემოსთან მიმართებით.

საგულისხმოა, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი ქალია, რის გამოც აუცილებელია შრომის პროცესში მათი საჭიროებების გათვალისწინება. შექმნილ სიტუაციას ართულების სფეროს სპეციფიკა, როდესაც აბსოლუტურად გაუმიჯნავი და დაურეგულირებელია სამოდელო სააგენტოების, დიზაინერებისა და ჩვენებების ორგანიზატორების ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. აღნიშნულის შედეგად კი ისევ მოდელები ზარალდებიან. მიგვაჩნია, რომ მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ მიდგომას. აუცილებელია, აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად შესწავლა და სფეროში შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე მკაცრი ზედამხედველობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ:

• სახალხო დამცველს და შრომის ინსპექციის სამსახურს, შეისწავლონ შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის ზემოაღნიშნული ფაქტები და მოახდინონ რეაგირება მათი უფლებამოსილების ფარგლებში

• საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს, სისტემურად მიუდგეს კულტურის სფეროში, მათ შორის, მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხს და შექმნას შესაბამისი პოლიტიკა უფლებების დარღვევის პრევენციისთვის.

ხელმომწერები: ქალთა მოძრაობა; ქალები საერთო მომავლისთვის (WECF); საქართველო; ქალები საქართველოდან; ახალგაზრდა ფემინისტები; გილდია; ქალთა ფონდი საქართველოში; საფარი; ქალთა საინფორმაციო ცენტრი; სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი; ქალი და რეალობა; GrlzWave; კავშირი ფრეია; საქართველოს შემეცნებითი ცენტრი ფემინა; საორსა; მოძრაობა ცვლილებისთვის; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; ანა ნაცვლიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი; ხათუნა სამნიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი.