მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! - გახარია

პუბლიკა

„მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! #მადლობაGenZ #მადლობამილენიალებს“, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია facebook პოსტში წერს.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია.

საქართველოს ადგილი ევროპაშია! ამ კანონის ინიციირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით. დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი – ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას! საქართველო ევროპაა – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია – ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!“,- წერს გახარია.


თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ გაიწვევენ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს.

7 მარტს, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და მიიღო პირველი მოსმენით რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრზამის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშღომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.