მოძალადეს ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო, თუნდაც ის საპატრიარქო იყოს - ნაკაიძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე ბოლო დროს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ის ამბობს, საქართველოს სახელმწიფოებრიობა საშიშ ზღვარზე დგას.

„პრორუსული და პროპუტინისტური ძალების გაძლიერება, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების წიაღში, ძალიან სახიფათო მოვლენად მიმაჩნია. ასევე, ამ დღეებში რამდენიმე ჩემმა კოლეგამ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან თუ უმრავლესობიდან დააფიქსირა მხარდაჭერა იმ ფსევდორელიგიური ორგანიზაციებისადმი, რომლებიც ღიად არიან ჩართული რუსული ინტერესების გატარებაში.

სამწუხაროა, პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს, თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო.

მინდა, პირველ რიგში ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რომ სასულიერო პირების ძალადობრივი ქმედებებისა თუ მოწოდებების მიმართ ღია და კონკრეტული პროტესტის არქონა დიდი საფრთხის მატარებელია, იმ ძალადობაზე არანაკლები, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ.

კოლეგებო, ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვეკისრება დიდი პასუხისმგებლობა. ღიად და მკაფიოდ უნდა გავემიჯნოთ ამ შავრაზმელთა ბანდებს, თუნდაც ის წარმოადგენდეს რომელიმე რელიგიურ ინსტიტუტს“, – წერს ტარიელ ნაკაიძე.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, იმის შიში, რომ საპატრიარქოს კრიტიკით, ხმებს დაკარგავს ვინმე – გასაგებია, მაგრამ „უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები ვდგავართ არა პრივილეგირებული ორგანიზაციების, არამედ ადამიანის უფლებების დასაცავად.
სამშობლოს დაკარგვას, ხმების დაკარგვა ამჯობინეთ”.