მოძრაობა „სირცხვილია“ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილია“ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ მოძრაობა განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„როდესაც ამ ქვეყნის შვილები მტერთან ბრძოლაში გმირულად იღუპებიან, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოს. დაწეული დროშებით, სიმბოლურად მაინც ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ისევ ერი გვქვია, რომ ისევ გვაქვს მცირე სინდისი მაინც. რომ ცხოვრებას დანაკარგის იგნორირებით კი არა – მისი შემჩნევით, დაფასებითა და მომავლის იმედად ვაგრძელებთ. როგორია ცხოვრება მშვიდობის ქალაქად შეფუთულ კოლაბორაციონიზმისა და სირცხვილის ქალაქში? დიდება გმირებს!“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრები ქართველ მებრძოლთა დაღუპვას ამ დრომდე არ გამოხმაურებიან.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს.