სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოძრაობამ ორგანიზაციული სახსრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კიევის მიმართულებით ავიაბილეთი უყიდა.
„სირცხვილია“ ამბობს, რომ ბილეთის ელექტრონული ვერსია პრემიერს პირად ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს:
ბატონო ირაკლი,
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” დარწმუნებულია, რომ თქვენ მიერ უკრაინაში ვიზიტისგან თავშეკავების არაერთი სერიოზული მიზეზი არსებობს, მაგალითად: საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე, მთავრობის ხარჯების შემცირების პოლიტიკა 2022 წლისთვის და რაც მთავარია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდინფიცირების ფონზე.ვითვალისწინებთ რა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზაციული სახსრებით დააფინანსოს თქვენი მგზავრობა ქუთაისი-კიევის მიმართულებით. თქვენი 5-დღიანი იზოლაციისა და შემდგომი კოვიდ-რეაბილიტაციის ვადების გათვალისწინებით, ქუთაისი-კიევის მიმართულებით შესყიდული იქნა 2022 წლის 10 თებერვლის ავიაბილეთი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩასხდომის დროა 04:05 საათი, ტრანზიტი ლატვიაში (რიგის საერთაშორისო აეროპორტი) – 06:10 საათი, ხოლო ჩაფრენა დანიშნულების ადგილას – 01:05 საათი. გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ Covid-19 სერთიფიკატი (მწვანე პასპორტი) ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
ბილეთის ელექტრონული ვერსია გამოგზავნილია თქვენს პირად ელექტრონულ მისამართზე. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია მზად არის პირადად გადმოგცეთ ბილეთი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.