ადამიანის უფლებათა დღეს, თავისუფალმა უნივერსიტეტმა და საქართველოში აკრედიტებულმა 15 უმაღლესმა სასწავლებელმა წლის უფლებადამცველები დაასახელეს.
ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ მოძრაობა „სირცხვილიას” და ასევე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს.
მოძრაობა „სირცხვილია” 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეიქმნა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში იყო ჩამოსული. გავრილოვი ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გაუძღვა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. პირველად ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ 13 ნოემბერს გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის 9 ნოემბერს დააკავეს. ის დღემდე პატიმრობაში რჩება.
მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი დაჯილდოვდა პროფესორი ლევან ალექსიძე.
ის 2019 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა. მან 70 წელზე მეტი მიუძღვნა უნივერსიტეტს, იურიდიული ფაკულტეტის მრავალ თაობასა და საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარ მწვავე საერთაშორისო სამართლებრივ გამოწვევებს. იგი სიცოცხლის ბოლომდე თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ლევან ალექსიძე მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლად, ხოლო ამ დარგის გლობალურ განვითარებაში მის მიერ შეტანილ წვლილს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აკადემიური საზოგადოება აღიარებს.