რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-საბერძნეთის თამაშს აჩვენებენ — შეიზღუდება მოძრაობა

პუბლიკა

26 მარტს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-საბერძნეთის თამაშს აჩვენებენ.

შესაბამისად, საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება.

შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 12:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის ამ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.

ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს, ისტორიაში პირველად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება მიეცემა.