„მოგესალმებით ჩემო ძვირფასო, საყვარელო ხალხო, თანამოქალაქეებო მთელი თქვენი მრავალფეროვნებითა და განსხვავებულობით“,- ასე მიმართა პარლამენტის წინ მედიის მიერ ორგანიზებული აქციაზე შეკრებილ ადამიანებს სასულიერო პირმა ზაზა თევზაძემ.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც მოვალე ხართ ეს მძიმე რეალობა შეცვალოთ. ამას ჩვენს მაგივრად არავინ არ გააკეთებს. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, ჭეშმარიტებაზე, რისთვისაც ვართ გაჩენილები და მოწოდებულნი. მინდა მადლობა და დიდი პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენთაგანისადმი, რომლებიც მზადა ხართ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ“, – განაცხადა მან.
11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას. ამ მოთხოვნებით მეორე დღეა პარლამენტთან აქცია იმართება.