მოგიწოდებთ, გადახედოთ ბელარუსი დამკვირვებლების მოწვევას - ბელარუსული NGO-ები ცესკოს

პუბლიკა

ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია „უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ გადახედოს 2021 წლის არჩევნებზე ბელარუსის ცესკოს დამკვირვებლებად მოწვევის გადაწყვეტილებას.

კამპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „უკიდურესად გაკვირვებული არიან“ მათი საარჩევნო კომისიის, განსაკუთრებით კი მისი ხელმძღვანელის მოწვევით, რადგან ეუთოს სადამკვირვებლო მისიას 1996 წლის შემდეგ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ შეუფასებია.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი, კამპანიის წარმომადგენლების თქმით, მის ყველა ეტაპზე ადამიანის უფლებათა დარღვევებით იყო გამორჩეული, ბელარუსის ცესკომ ვერ შეძლო საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების მასშტაბურმა გაყალბებამ კი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება.

„შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და მისი ხელმძღვანელი, ლიძია ერმოშინა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაში იყვნენ შეყვანილი არჩევნების შედეგების გაყალბებისა და იმ მოქმედებებში მონაწილეობისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის გამო, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს ბელარუსში.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისა და მისი ხელმძღვანელის, ლიზია ერმოშინას მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე მიუღებელია.

ეს ნაბიჯი ნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს მხრიდან მოხდება ბელარუსში გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარება.

ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გადახედოთ ამ გადაწყვეტილებას და მხარი დაუჭიროთ ბელარუს ხალხს, რომლებიც დემოკრატიული ცვლილებებისთვის იბრძვიან“, – აცხადებენ კამპანიის „უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის“ წარმომადგენლები.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის ბელარუსის ცესკოს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ ცნობილი 9 სექტემბერს გახდა.