„მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო" | იოსელიანი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მივიდა

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, სახალხო დამცველი მივიდა.

ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და პარლამენტს მოუწოდა, ხვალინდელ სასესიო სხდომაზე ვეტო არ დაძლიონ.

„მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს დაწესებული საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ეს მიზანი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და არის არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები.

ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მით უმეტეს გვაქვს ამის კარგი მაგალითები, გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა და გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

ზოგადად მიმაჩნია, რომ მესმის, ის დაძაბულობა რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამ კანონს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის გააჩნია ხელისუფლებას და ხშირად, ჩემი აზრით, უკან დახევა, ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. […]

მოგიწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღოთ ეს და ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მიმართვის დასრულების შემდეგ, ლევან იოსელიანს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეკითხვით მიმართა: „თქვენ უშვებთ შესაძლებლობას, რომ შეიძლებოდა სხვა კანონში ცვლილების განხორციელება, იძლეოდა თუ არა ვეტო იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს წარმოედგინა ისეთი ტიპის ცვლილება, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, განგვეხილა თუნდაც ის ვერსია, რომელიც თქვენ გაქვთ მხედველობაში“.

ლევან იოსელიანმა ოხანაშვილს უპასუხა, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა ამ შესაძლებლობებს და დისკუსიის სივრცეს.

„ამაზე საჯაროდ გამოვთქვი მე ჩემი მოსაზრება და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა ამ შესაძლებლობებს და დისკუსიის სივრცეს. სამწუხაროდ, ის რაც არის წარმოდგენილი, ამ სივრცეს არ იძლევა და და სწორედ ამიტომაც არის ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზანი, რომ გავიაზროთ ეს მოცემულობა და პარლამენტმა თავისი მოქმედებით, ვეტოს არ დაძლევით, შეძლოს ამ სადისკუსიო სივრცისა და შესაძლებლობის გაჩენა”, – თქვა იოსელიანმა.


იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.

მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს.