მოგვეცით ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში შესვლის უფლება - NGO-ები ხელისუფლებას

პუბლიკა

4 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების თავისუფლად დაშვებისა და ზოგადი, ბლანკეტური შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობოების განცხადებით, უკვე თითქმის ერთი წელია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში, მათ შორის იმ დასახლებებშიც, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს, შესვლას ზღუდავს. სოფლებში შესასვლელად ქართული საგუშაგოების გავლაა საჭირო, ხელისუფლება კი მათ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად იყენებს.

როგორც NGO-ები წერენ, 2019 წლის 30 აგვისტოს შემდეგ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას მხოლოდ ორჯერ მისცეს ამ სოფლებში შესვლის საშუალება, რაც დაუშვებელია, ზღუდავს როგორც ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პროცესს, ისე გამყოფ ხაზებთან მიმდებარე სოფლებში არსებული სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას.

„ხელისუფლების წარმომადგენლები გადაადგილების შეზღუდვას უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე ამართლებენ, რათა თავიდან იყოს აცილებული საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციები და დაცული იყოს მედიის და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოება. თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წუხილზე მითითება, მაშინ როდესაც ამ სოფლებში ასობით ადამიანი ცხოვრობს, გაუგებარია.

უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება, არსებობდეს გადაადგილების ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი. თუმცა, ამ უფლებების შეზღუდვა მკაცრ შემოწმებას ექვემდებარება და ის მხოლოდ მწვავე სოციალური საჭიროებების დროს, კანონის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. დაუშვებელია ამ უფლების ბლანკეტური და ზოგადი შეზღუდვა, ინდივიდუალური რისკებისა და დასაბუთების გარეშე“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლების ბლანკეტური შეზღუდვები არ მოდის თანხმობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებთან.

NGO-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააუქმოს საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დაშვების ბლანკეტური აკრძალვა.

ასევე, შეიმუშავოს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც არ გასცდება გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ ჩარჩოებს.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)