„ერთი პოლიტიკურადაც, წინა საარჩევნო კონტექსტში შევხედოთ „პრაიდის“ ირგვლივ დატრიალებულ ამბებს. ვინ იხეირა, ვინ წააგო?” – წერს ფეისბუქზე კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი.
მისი აზრით, „აზრით, მოიგო/იხეირა: „ოცნებამ“, „გახარიამ“, „გირჩმა“. წააგო – ყველამ ვინც შუაშია: „ლელომ“, „აღმაშენებელმა“, მეორე „გირჩმა“, შესაძლოა ელისაშვილმაც. ასევე წააგო: ვასაძემ. არც წააგო და არც მოიგო: ნაცებმა, ევროპულმა საქართველომ”.
კანაშვილი ამ მოსაზრებას შემდეგნაირად ხსნის:
„ოცნებამ“ მოიგო, რადგან:
შექმნა წარმოდგენა, საკუთარ ამომრჩეველში, რომ თუ არა „ოცნება“ – სხვა ძალებმა, შესაძლოა ხვალვე „პრაიდი“ დაუშვან. ფაქტობრივად, მთელ ოპოზიციას ცისარტყელა ააწება.
გახარიამ მოიგო, რადგან:
აქციაზე არ გამოჩნდა, არა მხოლოდ თვითონ, არამედ არავინ მისი პარტიიდან (მე არ მახსენდება). მეორე მხრივ, დააფიქსირა, რომ ამ სიველურეს ის ეფექტიანად აღკვეთდა. ზუსტი აჯდება მის ამომრჩეველს, რომელსაც „პრადვინუტობის“ პრეტენზია აქვს, მაგრამ „პრაიდისთვის“ მზად არაა.
„გირჩმა“ მოიგო, რადგან: ჯაფარიძე თანმიმდევრული იყო და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აქცია დააანონსა.
შუამ წააგო, რადგან:
მთლად ბოლომდე ვერ გამოკვეთეს პოზიცია; თან აქციაზე იდგნენ, თან არ იდგნენ ემიჯნებოდნენ ძალადობას, მაგრამ საპატრიარქოსთან მიმართებაში ფრთხილოდნენ. მოკლედ – ნახევრად სიმართლეები შემოგვთავაზეს.
ვასაძემ წააგო, რადგან:
კრიტიკულ მომენტში გულატკიებული ლიდერი არაა ლიდერი.
ნაცებმა და ევროპელებმა, არც წააგეს და არც მოიგეს:
რადგან ევროპელებს, მგონი, აღარაფერი აქვთ წასაგები; „ნაცებიც“ იმდენად ნელ-თბილები იყვნენ, რომ არც არავინ გაუღიზიანებიათ და არც არავინ აღუფრთოვანებიათ.
ბოლოში ერთიც – გახარიასთან დაკავშირებით. საერთოდ არ მესმის ოპოზიციის იმედები გახარიასთან დაკავშირებით – „ოცნებას“ წაართმევს ხმებსო. ხმები, რომლებიც „ოცნებას“ შეიძლებოდა მოკლებოდა, რომ არა გახარია, სავარაუდოდ – „აღმაშენებელზე“, „ლელოზე“ და ასეთ „შუაშისტ“ ძალებზე გადანაწილდებოდა. გახარიას გამოჩენით, ეს ხმები წავა მასთან და კიდევ ერთ ამდენს წაართმევს იმავე შუაშისტ პარტიებს. ამიტომ, ამ არჩევნებზე შუა კიდევ ერთხელ გაიკრიფება!” – წერს კონფლიქტოლოგი.