მოიწვიეთ დარჩიაშვილი, გაასაჯაროვეთ ევროკავშირის კითხვარი - „ლელო“ ხელისუფლებას

პუბლიკა

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელისუფლებას მოუწოდეს გამჭვირვალე და საჯარო იყოს ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი კითხვარის შევსების პროცესი.

„ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს მიმართა, მოიწვიოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩაატარონ საჯარო მოსმენა კითხვართან დაკავშირებით.

„ქალბატონ ბოჭორიშვილს მივმართავ, ქალბატონო მაკა, მოიწვიეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაურკვეველია, რა პრინციპით იქნა დანიშნული და ჩაატარეთ საჯარო მოსმენა კითხვართან დაკავშირებით, რას აპირებს თქვენი ხელისუფლება. მეტიც გაასაჯაროვეთ ეს კითხვარი და საზოგადოების ფართო ჩართულობა, მათ შორის ოპოზიციის, ამ პირობებში იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პროცესის საჯაროობისკენ მოუწოდა მმართველ პარტიას დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმაც.

„მინდა, მოვუწოდო მმართველ პარტიას და შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებს, გახსენით ეს პროცესი, ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რა კითხვები ჩამოვიდა ევროკავშირისგან და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რა პასუხებს გაგზავნის მისი სახელით ხელისუფლება ბრიუსელში. თუ ეს პროცესი არ იქნება გახსნილი, გამჭვირვალე და არ მისცემთ საზოგადოებას მასში ჩართვისა და კონსტრუქციული როლის შესრულების შესაძლებლობას, მერე ვერ მოითხოვთ კონსტრუქციულობას ვერავისგან. ამიტომ გახსენით ეს პროცესი და მიეცით მათ შორის პარლამენტს სრული შესაძლებლობა, განსაკუთრებით ოპოზიციის ჩართულობით, რეალური საპარლმენტო ზედამხედველობა განხორციელდეს ამ პროცესზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

11 აპრილს ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.

თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა  1 თვის ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება ა/წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭოს დაგეგმილ სხდომაზე.

კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.


3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მანამდე ევროკავშირში გაწევრებაზე უკრაინამ და მოლდოვამ განაცხადეს.

10 მარტს საფრანგეთში ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე ევროკომისიას ეთხოვა, საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც შეიძლება, მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.

კითხვარი წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ევროკავშირის მიერ ხდება ევროკავშირში გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.