საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ არ დატოვებს საკრებულოს, რადგან ის არის ხალხის მიერ არჩეული და გასაკეთებელი აქვს ბევრი საქმე. მან მოუწოდა საკრებულოს წევრებს, რომ მიიყვანონ მღვდელი და აკურთხონ ის ოთახი, სადაც „ჭინკები“ დახტოდნენ.
„მე მარტო არ ვარ, არც ჩემი ოჯახის წევრებს მივუტოვებივარ. აქ არის ჩემი უმცროსი ქალიშვილი, მარიამ კუხიანიძე, რომელიც მთლიანად მიჭერს მხარს. ჩემი შუათანა ქალიშვილიც ჩამოვა და ისიც ჩემთან დგას.
ზოგიერთი ტაკიმასხარის გამოხტომები, რომ ვიღაცამ მიმატოვა, არის ტყუილი. მე, სამწუხაროდ, ახლა დაგტოვებთ, მაგრამ ერთადერთი მინდა გირჩიოთ, რომ ის ოთახი, სადაც ის ჭინკები ხტოდნენ, სხვადასხვა სიბინძურე ჩაატარეს, მოიყვანეთ მღვდელი და აკურთხეთ“, – თქვა ერეკლე კუხიანიძემ.
საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.
„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქგვერდზე.
კუხიანიძის განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა გააპროტესტეს. მათ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და ოთახში სტიკერები გააკრეს „ვაჟა ექიმი გმირია“. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ კუხიანიძეს დაეტოვებინა საკრებულო.
მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ წევრს, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. ამის შესახებ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცის თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
ბექა დავითულიანი ამბობს, რომ კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს და არა საკრებულოს დეპუტატის მანდატი, რადგან მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატის მანდატი შესაძლებელია იურიდიულად მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს დეპუტატმა.