თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის ცენტრალური პარკის სიმბოლოს – ქანდაკების შესარჩევად მიმდინარეობს მუშაობა. როგორც მან განაცხადა, ერთ-ერთი იდეაა მოჯირითე ცხენის ქანდაკება, რაც დაკავშირებულია ტერიტორიის ისტორიულ დანიშნულებასთან, თუმცა, მისივე თქმით, პარკის ბრენდირებისთვის გაგრძელდება კომუნიკაცია ადგილობრივ სააგენტოებთან.
„ცენტრალური პარკის სიმბოლოდ გვინდოდა ისეთი ელემენტი შეგვერჩია, რომელსაც ადგილის ისტორიასთან ექნებოდა გარკვეული კავშირი. სწორედ აქედან გაჩნდა მოჯირითე ცხენის იდეა.
ამ ადგილას საბჭოთა პეიოდში იყო იპოდრომი და არაერთი საცხენოსნო შეჯიბრება გამართულა. მოჯირითე ცხენი ამ ისტორიას ასახიერებს. პარკის ლოგო ცენტრალურ ადგილს დაიკავებს, ფრანგული ბაღის ტერიტორიაზე, თუმცა ჯერ დეტალურად არ ჩამოვყალიბებულვართ. რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია ადგილობრივ ადამიანებთან, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, რომ ჩვენთან ერთად იმუშაონ და შევარჩიოთ სწორი ლოგო, მოხდეს სწორი დაბრენდვა.
იდეა – მორიჯითე ცხენი ეს პირდაპირ დაკავშირებულია იპოდრომთან და ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება მისი სიმბოლოდ შენარჩუნება.
მომდევნო დღეების განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვექნება ადგილობრივ სააგენტოებთან. მათი ჩართულობით შესაძლებელი იქნება, სწორი ბრენდირების გაკეთება ამ პროექტთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
თბილისის ცენტრალური პარკი (ყოფილი იპოდრომის ტერიტორია) 36 ჰექტარს მოიცავს. აქედან, 22 ჰეაქტრი ვაკე, 14 ჰექტარი კი ფერდობია. გათვლილი იქნება დღეში 11 000-მდე სტუმარზე.
როგორც გუშინ თბილისის მერმა განაცხადა, იპოდრომის ყოფილი ტერიტორია ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა დედაქალქს უსასყიდლოდ გადასცა.