მოკავშირეები მზად არიან, მეტი გააკეთონ სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით - სტოლტენბერგი

პუბლიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს, 7 აპრილს ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ მედიის შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, რას აკეთებს ალიანსი და პარტნიორები იმისთვის, რომ დროულად მიეწოდოს იარაღი უკრაინას.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-მ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა მიაწოდა წვრთნით, აღჭურვილობით და ა.შ.

„როდესაც ჩვენ ვიხილეთ სადაზვერვო უწყებები განსაზღვრავდნენ უფრო ფართომასშტაბიან შეჭრას, ჩვენ რა თქმა უნდა, ნაბიჯები გადავდგით, როცა შეჭრა უკვე განხორციელდა, ჩვენ სამხედრო მხარდაჭერა მივაწოდეთ უკრაინას. მთავარი მესიჯი დღეს რა იყო, რომ მოკავშირეებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ და მათ მზაობა აქვთ ამ მიმართულებით. მათ სამხედრო აღჭურვილობა უნდა მიაწოდონ უკრაინას და შესაბამისად, ისინი აანალიზებენ, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია და გადაუდებელია, მყისიერად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ჩვენ მინისტრ კულებასთან ერთად აქტიურად ვისაუბრეთ და ვმუშაობთ ამ საკითხების განხილვაზე. უკრაინის წარმომადგენლებთან სხვადასხვა შეხვედრები იმართება და ჩვენ მაქსიმალურად ინფორმირებული ვართ მათი საჭიროებების შესახებ. მოკავშირეები ნამდვილად მზად არიან, რომ უფრო მეტი გააკეთონ სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ალიანსი ომში არ ჩაერთვება და ჯარებს არ გააგზავნის, მაგრამ უკრაინას სხვადასხვა გზით დაუჭერს მხარს.

NATO-ს გენმდივნის განცხადებით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ სხვა პარტნიორებსაც უნდა დაეხმარნონ.

„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ სხვა პარტნიორებსაც უნდა დავეხმაროთ, თავიანთი მედეგობა გააძლიერონ და შესაბამისად, მიეცეთ საშუალება, თავი დაიცვან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით. მაგალითად, კომუნიკაციების მიმართულებით და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია, თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის პაკეტი წარვადგინოთ. ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.