ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში მისი ვიზიტის დაწყებას ეხმაურება. პომპეოს თქმით, აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო კავშირი აქვთ და შეერთებული შტატები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებას გააგრძელებს.
„ძალიან მოხარული ვარ თბილისში ჩამოსვლით. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ მჭიდრო კავშირი, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას ემყარება.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში“, – წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.
https://twitter.com/SecPompeo/status/1328763163286904839
როგორც საქართველოს საქმეთა სამინისტრო იუწყება, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
ასევე, მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და, როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხვალ, შუადღისით დაგეგმილი აქვს შეხვედრა არასამთავრობო სექტორთანაც.
მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო სახის გამოსვლა დააანონსეს. მათი თქმით, ცენტრალურ გამზირებზე გამოვლენ ადამიანები, რომლებიც ცოცხალ ჯაჭვში ჩაებმებიან და ხელში ბანერები ეჭირებათ, წარწერით – გაყალბებულია არჩევნები.