მოხდა იმპორტირებული შემთხვევების სტაბილიზაცია და დაიწყო შიდა გავრცელება - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ორი გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში.  ინფექციურ კლინიკაში შეყვანილი ორი პირი უკვე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები არიან.

“როგორც ვიცით, არსებული კონტაქტების გამოკვლევისას ორ პაციენტს კიდევ დაუდასტურდა და ეს ორი პაციენტი ბინიდან გადმოყვანილი იქნა ჩვენთან.” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამჟამად ცენტრში 33 ინფიცირებული მკურნალობს. კლინიკაში აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებული პირების რაოდენობა გაიზრდება.

მისი თქმით, ქვეყანაში იმპორტირებული შემთხვევების სტაბილიზაცია მოხდა და შიდა გავრცელების ეტაპზე ახალი შემთხვევების დიაგნოსტირება გართულდება.

„იმპროტირებული შემთხვევების სტაბილიზაცია მოხდა და შიდა გავრცელება დაიწყო, პაციენტები, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვთ, კონტაქტი არ ჰქონიათ უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან, აქვთ ცხელებით მიმდინარე დაავადებები შეიძლება მათი დიაგნოსტირება გაძნელდეს, შიდა გავრცელება ამას ნიშნავს, რომ წყაროს გარეშე მოხდეს გამოვლენა და დადასტურება. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ასეთი შემთხვევები გაიზრდება”, –  ასე უპასუხა ჟურნალისტს დასმულ კითხვაზე მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში 31 მარტის ჩათვლით 110 ინფიცირებული და 21 გამოჯანმრთელებულია.