მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავისი თავის პარტიად - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილ სოციალურ ქსელში 7-8 მარტის მრავალათასიან აქციებს ეხმაურება.

„საოცრად ვამაყობ თქვენით, თაობით, რომელსაც მთელი მსოფლიო გულშემატკივრობდა და ელოდებოდა, დაიცავდა თუ არა ქართველი ხალხი ევროპელობას, თუ ურცხვად ჩავყვებოდით მთავრობას რუსულ-აზიურ წყვდიადში და მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად, რომელსაც არაფრის ახსნა არ დასჭირდა და ზუსტად იცის, თუ როგორ იმოქმედეს და ისტორიის ფურცლებიდან გამოსული უძლეველი მებრძოლები გახდნენ.

ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტარები, უკრაინაში სანგარში მჯდომი მებრძოლები კი სუნთქვაშეკრული, გადევნებენ თვალყურს და ძალიან სასიამოვნოდ განცვიფრებულები არიან. რუსეთის დავალება ვერ შესრულდა, ახლა ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი. ისინი შეეცდებიან შურისძიებას, რათა სათითაოდ დაგიგულონ და შური იძიონ. ამიტომ როგორც არასდროს – ძალა ერთობაშია და ეს ერთობა შესანარჩუნებელია“, – წერს ის.


თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.