საპატრიარქო სასულიერო პირების მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებებს განცხადებით ეხმაურება.
„კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება“, – აცხადებს საპატრიარქო.
დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე სასულიერო პირი მრევლს დანაშაულის ჩადენისკენ, ძალადობისკენ მოუწოდებს. ის მორწმუნეებს მიმართავს, რომ იძალადონ სამშობლოსთვის და ღმერთისთვის.
ამ განცხადებით სასულიერო პირი ქმნის ძალადობის ესკალაციის მყისიერ საფრთხეს.
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათგან ველით პასუხს, თუ რა რეაგირება ექნება პოლიციას ძალადობრივ მოწოდებაზე.
„პუბლიკა” გმობს ძალადობრივ განცხადებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაიცვას ადამიანის უფლებები.