მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება - შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17418-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართულ-გამოფენილი ევროპის კავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

„სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება”, – აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

ძალადობრივი, პრორუსული პარტიის „ალტ-ინფოს” წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოგლიჯეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს მოძალადე ზურა მახარაძე, რომელიც პრორუსული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი წინამძღოლია. მახარაძე და მისი მომხრეები გლეჯენ დროშას და შემდეგ ფეხით დგებიან მასზე.

„ჩვენმა მთავრობამ ამ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა. ხოდა, მე ჩამოვხსენი ეგ [ევროკავშირის დროშა], ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია”, – ამბობს მახარაძე.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმდებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.