მოხდეს სწრაფი რეაგირება ბუბა ჩივაძის საქმეზე - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს.

„დღეს, 05 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის დაკავებისა და მისი იძულების წესით ქალაქ ქუთაისის მერიიდან გამოყვანის შესახებ . ქუთაისის მერიის შენობაში „ქუთაისი თუდეის” რედაქტორი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა – უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა. ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები და მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით“, – წერს კოალიცია.


ქუთაისის მერიიდან „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორი ბუბა კიკაბიძე პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

პირდაპირი ჩართვიდან, „მთავარი არხის“ ეთერში, ჩანდა, როგორ დაადო ხელბორკილები ჟურნალისტს რამდენიმე პოლიციელმა, შენობიდან გაიყვანა და პოლიციის მანქანაში ჩასვა.

როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ქუთაისის მერიაში ჟურნალისტების გადაადგილების შეზღუდვას აპროტესტებდა. ის წინააღმდეგობის მიუხედავად, შევიდა ქუთაისის მერის კაბინეტში და აცხადებდა, რომ დაიწყებდა შიმშილს  და მანამდე გააგრძელებდა, სანამ მას ქუთაისის მერი არ შეხვდებოდა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, დააკავეს თუ არა ჟურნალისტი და სად გადაიყვანეს. „პუბლიკა“ შსს-დან პასუხს ელოდება.