მოკლულთა ახლობლებმა ბრალდებულის მამას დაზიანებები მიაყენეს, დაუზიანეს მანქანებიც - შსს მარნეულზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

უწყება დილით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მკვლელობა, ასევე, სიდედრისა და ყოფილი ცოლის ძმის მკვლელობის მცდელობა.

უწყების მორიგ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკლულთა ახლობლები ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, ბრალდებულის მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენეს, ხოლო ასევე დაუზიანეს ორი ავტომობილი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები – ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა”, – ნათქვამია განცხადებაში.