ჯანდაცვის ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. მათი თქმით, კოვიდ პანდემიის მართვაში 100-მდე კლინიკა იყო ჩართული, რომელთა უმეტესი ნაწილი „ჯანდაცვის ასოციაციის“ წევრია.
ჯანდაცვის ასოციაციაში ამბობენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებული მრავალი ხარვეზის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის პერიოდში. ყველაფრის მიუხედავად, კოლაფსის საფრთხის პირას მყოფმა ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლო, რომ პაციენტის ინტერესი მაქსიმალურად დაეცვა.
„ჯანდაცვის მინისტრისა და ცალკეული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გადაჭარბებული საწოლფონდისა და სახელმწიფოს თანხების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ, შესაძლოა მრავალგვარი ინტერპრეტაცია მიეცეს და ეჭვქვეშ დააყენოს კეთილსინდისიერი სამედიცინო პერსონალის რეპუტაცია.
მიგვაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან მოკვლევის დასრულებამდე, ყოველგვარი მტკიცებულების და დაკონკრეტების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბარი რეპუტაციულ ზიანს აყენებს განურჩევლად ყველა სამედიცინო დაწესებულებას და ჯანდაცვის ასოციაციის თითოეულ წევრს, “- ამბობენ ჯანდაცვის ასოციაციაში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პანდემიის მართვის გამოცდილება უცხო იყო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის, სადაც მცირედი გადაცდომა გარდაუვალი იქნებოდა.
„შეცდომებს სჭირდება გაანალიზება, საზოგადოების სხვადასხვა წევრების ჩართულობა, და ჰოსპიტალური სექტორის და სამედიცინო პერსონალის რეაბილიტაციაზე ზრუნვა, რომ მომავალში, რყევების გარეშე მოხდეს ანალოგიურ სირთულეებთან გამკლავება, “- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.