კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” მოლაპარაკებებს აგრძელებენ. ლიდერებმა განცხადება ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ გააკეთეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ გააკეთებენ ყველაფერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად.
„მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, მადლობა გიორგის [გახარიას], ვისაუბრეთ ბევრ საკუთხზე, წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, აქედან გამომდინარე, შევთანხმით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან.
ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის საკითხები და ეს საკითხები არ არის რაღაც ტექნიკური ტიპის საკითხები, შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ კიდევ პაუზა, ვისაუბრებთ და თქვენ პირველები იქნებით, ვისაც შეგატყობინებთ.
რა თქმა უნდა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან და რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მანვე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ არ უარყოფს წარსულში გიორგი გახარიასთან დაპირისპირებას, მაგალითად, ანაკლიის პროექტზე.
„დაპირისპირება იყო, ამას არ უარვყოფ. გახსოვთ, დაპირისპირება იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს და აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით.რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
გიორგი გახარიას თქმით კი, მათი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია და მამუკა ხაზარაძემ გარკვეული დრო ითხოვა პოზიციების შესათანხმებლად.
„პირველი, მინდა გითხრათ, რომ მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ რომ მე დღეს აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ ჩვენ, როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა.
მე არ მინდა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო. შემიძილია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო იმიტომ რომ, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის, არ ვიცი, როგორც ხდება ხოლმე. ამიტომ ეს არის რის გამოც ეს გადაიდო, თორემ ჩემი მხრიდან არაფერი არ…
გავითვალისწინოთ ერთი რამ – კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს პირველ რიგში ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი, ყოველთვის, ყოველდღე, ჩვენი მოღვაწეობის საქართველოში, სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით ჩვენი პირადი და, რა თქმა უნდა, პარტიულ ინტერესებზე მაღლა. რასაც ვაკეთებთ დღესაც”, – განაცხადა გახარიამ.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 16 სექტემბერს კოალიციას „ძლიერი საქართველოსთვის” და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის” გაერთიანებისკენ მოუწოდა, გახარია და ხაზარაძე დღეს ერთმანეთს პირისპირ დახურულ ფორმატში შეხვდნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლეს.