მოლაპარაკებებს თავისი დღის წესრიგი აქვს. დაგეგმილი აქციები თავისი რიგით, რიხით გაგრძელდება - უგულავა

პუბლიკა

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ხელისუფლებასთან დიალოგის თემები და სამოქმედო გეგმა.

„პროცესი დაიძრა. თქვენი მონაწილეობით, თქვენი ზეწოლით რეჟიმმა უკან დაიხია და ჩვენ ამის სადემონსტრაციოდ კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, იმისათვის, რომ პროცესები წავიდეს ხალხის გამარჯვებისკენ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ გაყალბებული არჩევნების პრაქტიკა. დაგეგმილი აქციები თავისი რიგით, რიხით გაგრძელდება;

მოლაპარაკებებს რაც შეეხება, მოლაპარაკებებს თავისი დღის წესრიგი აქვს; მოლაპარაკებისთვის პოლიტიკური ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო, გუშინდელმა დღემაც ანახა; ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო მოთხოვნები: ახალი არჩევნები, ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ვადებზე; ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ სხვადასხვა ტექნიკურ დეტალზე, მაგრამ არსებითი რაც არის, ამ გაყალბებულ არჩევნებს საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია არ იღებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მან მოლაპარაკებაში ჩართულ ფასილიტატორ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა ძალისხმევისთვის.

გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აქცია გაიმართება როგორც ხვალ, 14 ნოემბერს, ასევე, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად დაგეგმილია პროტესტო სახის გამოსვლა:

„ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე, ცენტრალური გამზირებზე გამოვლენ ადამიანები, დაიცავენ სოციალურ დისტანციას, იქნება სპეციალური სტიკერები, სადაც ეწერება, რომ გაყალბებულია არჩევნები, მოპარულია. შესაბამისად ასე, ცოცხალი ჯაჭვით იქნება სავსე გამზირი. არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, მაგრამ იქნება პოლიტიკური მოთხოვნები, იქნება პლაკატები და რა თქმა უნდა, იქნება ამერიკის ბევრი დროშა, როგორც მისალმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ“, – განაცხადა უგულავამ.